კრიტიკა მოემართებოდა ჩვენდამი, რომ თითქოს, ჩვენ დასავლეთს ვუღალატეთ, ახლა ყველაზე კარგად ჩანს, რომ ჩვენ ვართ დასავლეთი - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც სწორედ რომ დემოკრატიას, დასავლურ ღირებულებებს ემსახურება და ემსახურება ყველაფერი იმ სიმახინჯის ამოშლას, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენზეც გაავრცელეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„რას გვედავებოდნენ? - ერთი, რომ არ სჯეროდათ, რომ ჩვენ რეალურად ომში გვითრევდნენ და ომი რეალური საფრთხე იყო. მეორე - ისინი გვსაყვედურობდნენ, რომ ვუღალატეთ დასავლეთს. ამ ორივე პრეტენზიას პასუხი გაეცა და უპირველეს ყოვლისა, გაეცა იმით, რომ თუ ომის დასრულება შესაძლებელია, რაც ახლა მიმდინარეობს და პროცესები მშვიდობისკენ მიემართება, ამ პროცესებში ვხედავთ ევროპელ და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგებიან მშვიდობის დამყარებას.
იმაზე, რომ დემოკრატები ომის პარტიად გარდაიქმნენ - არაერთი სტატია გვინახავს; ის განცხადებები, რომელსაც ტრამპი აკეთებს, ადანაშაულებს მის წინამორბედს, ბაიდენსა და მის ადმინისტრაციას ამ ომის ხელშეწყობის პროცესში, მათ შორის დაფინანსების კუთხით - ფაქტია, რომ ისინი ამ დაფინანსებებით კვებავდნენ და ახანგრძლივებდნენ საომარ პროცესებს, მაშინ როდესაც სამწუხაროდ, ამ ომს უკრაინელებისთვის არ აქვს კარგი პერსპექტივა და სწორედ რომ მშვიდობის დამყარებაა ერთადერთი გამოსავალი“, - განაცხადა წილოსანმა.