აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების გაცვლის შეთანხმება. ამის შესახებ მან ტელერახ Fox Business-ის ეთერში განაცხადა.
ტრამპის თქმით, პატიმრების გაცვლა იყო „პუტინის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის გამარჯვება, რომელსაც ჩვენთან აქვს საქმე“.
Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის გათავისუფლებაზე საუბრისას მან აღიარა, რომ რუსეთიდან პატიმრების დაბრუნება კარგია შეერთებული შტატებისთვის, მაგრამ თქვა, რომ შეთანხმებები, რომლითაც ეს მოხდა,"ძალიან ცუდია".
”ჩვენთან {ტრამპის ხელისუფლებაში ყოფნისას} ეს არ მოხდებოდა. ჩვენ მას {გერშკოვიჩს} დავაბრუნებდით. არაფრის გადახდა არ მოგვიწევდა. არ მოგვიწევდა გაგვეშვა მსოფლიოს უდიდესი მკვლელები. რადგან ზუსტად ასე მოხდა, როგორც მოგეხსენებათ“, - თქვა ტრამპმა.
სავარაუდოდ, ტრამპმა იგულისხმა ვადიმ კრასიკოვი, რუსეთის ეფ-ეს-ბეს აგენტი, რომელმაც ბერლინში ჩეჩენეთის საველე მეთაური, და საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა.
შეგახსენებთ, ხუთშაბათს, 1 აგვისტოს, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების გაცვლა მოხდა. საერთო ჯამში, გაცვლაში მონაწილეობა მიიღო 26 ადამიანმა: 10 გათავისუფლებული დაბრუნდა რუსეთში, 13 გაფრინდა გერმანიაში და სამი აშშ-ში.
რუსეთმა პატიმრების გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლა 16 ადამიანი, მათ შორის ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი.
გათავისუფლებულთა შორის არიან რუსი ოპოზიციონერები ვლადიმირ კარა-მურზა და ილია იაშინი, ასევე ქსენია ფადეევა, ანდრეი პივოვაროვი, ალსუ კურმაშევა, ოლეგ ორლოვი, საშა სკოჩილენკო, დიტერ ვორონინი, კევინ ლიკი, რიკო კრიგერი, პატრიკ შებელი, გერმანი მოიჟესი და ვადიმ ოსტანინი.
რუსეთის საპატიმროებში უკანონოდ დატყვევებული უფლებადამცველების, ოპოზიციონერების და ამერიკელი საზღვაო ქვეითების სანაცვლოდ, დასავლეთმა რუსეთს გადასცა ვადიმ კრასიკოვი, ФСБ-ის ოფიცერი, რომელმაც 2019 წელს ბერლინის ცენტრში მოკლა ჩეჩენთა საველე მეთაური, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი.
რუსეთს ასევე გადაეცა სლოვენიაში ჯაშუშობისთვის მსჯავრდებულები ანა და არტემ დულცევები, ნორვეგიიდან მოსკოვს გადაეცა მიკაილ მიკუშინი, პოლონეთიდან - პაველ რუბცოვი, აშშ-დან - რომან სელეზნევი, ვლადისლავ კლიუშინი და ვადიმ კონოშჩენკო.