ჩვენ არ შეგვიძლია ტერიტორიულ დისკუსიებში მონაწილეობა უკრაინის გარეშე. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებს ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ვირტუალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მაკრონის თქმით, ორ საათზე მეტი ისაუბრეს იმ პრიორიტეტებზე, რომელთა განხილვასაც ისინი ხვალ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს გეგმავენ.
„ჩვენ არ შეგვიძლია ტერიტორიულ დისკუსიებში მონაწილეობა უკრაინის წარმომადგენლების გარეშე. ჩვენი გეგმაა, წარმოვადგინოთ ერთიანი ხაზი, გავიმეოროთ, ვინ არის მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის მხარეს“, - აცხადებს მაკრონი.
მან აღნიშნა, რომ რუსეთი მშვიდობას სთავაზობს, რაც სინამდვილეში უკრაინის კაპიტულაციაა.
„პუტინს მშვიდობა არ სურს“, - ხაზგასმით აღნიშნა მაკრონმა და დასძინა, რომ უკრაინას გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად ძლიერი არმია სჭირდება.
ასევე მან ისაუბრა უსაფრთხოების გარანტიების კონტექსტშიც და თქვა:
„თუ დღეს ძლიერები არ ვიქნებით, ხვალ ძვირს გადავიხდით“.
ტერიტორიული დათმობების საკითხზე კომენტირებისას, საფრანგეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინის მთავრობას აქვს უფლება, მოლაპარაკებების დროს ტერიტორიული საკითხი განიხილოს.
„ვაშინგტონში ხვალინდელი მოლაპარაკებების წინ სიტუაცია უკიდურესად სერიოზულია, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვისაც“, - დასძინა მაკრონმა.