აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ აშშ არ უჭერს მხარს მთელი დონბასის რუსეთისთვის გადაცემის იდეას, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა და რუსეთო დათმობებზე უნდა წავიდნენ სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. ამის შესახებ მან NBS News-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, შეთანხმების მიღწევის ერთადერთი გზა არის ის, რომ ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და თითოეულმა მხარემ რაღაც დათმოს.
„შეთანხმების მიღწევის ერთადერთი გზა არის, ის, რომ თითოეულმა მხარემ რაღაც მიიღოს და თითოეულმა მხარემ რაღაც დათმოს - და ეს ძალიან რთული იქნება. ეს რომ მარტივი ყოფილიყო, 3.5 წელი არ გაგრძელდებოდა... სწორედ ამიტომ მოდის ზელენსკი ხვალ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ამავდროულად, რუბიომ დარწმუნებით თქვა, რომ შეერთებული შტატები მუშაობს უკრაინისთვის მომავალში უსაფრთხოების გარანტიების შესაქმნელად, ამიტომ რუსეთმა უნდა გაიგოს კიევის ეს მოთხოვნა.
პოლიტიკოსმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები საკუთარ თავს უკრაინაში კონფლიქტის მხარედ არ მიიჩნევს.
„ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ შეხვედრის შემდეგ შეთანხმება იქნებოდა, რადგან იქ უკრაინელები არ არიან. ეს ორ ქვეყანას შორის ომია, ეს ამერიკა არ არის...“, - თქვა რუბიომ.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარების საუკეთესო შედეგი აშშ-სთვის იქნებოდა სრულფასოვანი სამშვიდობო ხელშეკრულება და არა დროებითი ცეცხლის შეწყვეტა.
როდესაც რუბიოს ჰკითხეს, განიხილებოდა თუ არა დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქებისა და ყირიმის პუტინისთვის გადაცემის საკითხი, მან უპასუხა:
„უკრაინელები მზად არ არიან დანებდნენ და არავინ აიძულებს უკრაინას დანებებას... თუ სამშვიდობო შეთანხმება დაიდება, ის ასეთი არ იქნება,“ - თქვა რუბიომ.
ამავდროულად, იგი მიიჩნევს, რომ ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა რუსეთის თანხმობის მიღწევაა.