ძმები მიქაძეებიდან ერთი დაიჭირეს, ერთი გაქცეულია, ლამის სამუდამო ციხე ემუქრებათ ამ ადამიანებს და ამ ხალხის უკან ვინ დგას? - ფარცხალაძე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებაა.
“დღევანდელი ბრიფინგი დადასტურებაა იმის, რომ შიდა ომია ივანიშვილის გუნდში და ახლა უკვე მისი ყოფილი თანაგუნდელები, ივანიშვილისთვის რომ იღვწოდნენ - ძმები მიქაძეები, ერთი დაიჭირეს, ერთი გაქცეულია. ამბობენ, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა, დააორგანიზეს, ლამის სამუდამო ციხე ემუქრება ამ ადამიანებს და ამ ხალხის უკან ვინ დგას? ფარცხალაძე, რომელსაც წლების განმავლობაში კბილებით იცავდა ყველა “ოცნების” სპიკერი, დაწყებული კობახიძიდან, გაგრძელებული ლასტებიანი ზარქუათი. ყველას გვაქვს ნანახი როგორ კბილებით იცავდნენ და დღეს სამუდამო ციხისთვის გაუყენა გზას ივანიშვილმა. სამწუხარო რეალობაა, რომ თვეები დასჭირდა ამ საქმის გამოძიებას, არადა ძალიან მარტივი იყო, ყველამ ყველაფერი იცოდა ამ ქალაქში ვინ შეუკვეთა, ვინ ჩამოიყვანა, როგორ მოხდა ამ ყველაფრის დაგეგმვა, მაგრამ ერთი რამე უნდა გესმოდეთ, რომ რასაც ახლა გამოძიება ამბობს, შეუძლებელია ფარცხალაძის გარეშე მომხდარიყო. ფარცხალაძის გუნდთან - მიქაძეებთან დაპირისპირება “ოცნებაში” რას ნიშნავს, ჰკითხეთ ზარქუას და ჩემზე უკეთ ის გადაგითარგმნით. ეს არის აბსოლუტური დაპირისპირება და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ. 4 ოქტომბერს ყველანი ქუჩაში და მშვიდობიანად დავამხოთ ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმი”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.