დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალი მინისტრი გრანტ შაპსი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა თავდაცვის სახელმწიფო მდივან გრანტ შაპსთან. მადლობა უკრაინის ძლიერი ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის! ჩვენი თანამშრომლობა სამხედრო სფეროში მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინელი სამხედროების შესაძლებლობებს ბრძოლის ველზე“, - დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამზე.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე სამხედრო თანამშრონლობის საკითხებთან ერთად მხარეებმა განიხილეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის სეზონის დადგომამდე.