სამხარაძე მაყენებდა შეურაცხყოფას, მანველიძემ ქოთანი ისროლა, მემუქრებოდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტი ზვიად ქორიძე მასზე თავდასხმაზე ამბობს.
"სასტუმროში მოვედი გვიან, ვიდრე ნომერში ავიდოდი აქ [სასტუმროს ფოიეში] ვიჯექი. ამ დროს, რამდენიმე მაგიდასთან იყვნენ ადამიანები, რომლებიც თავისთვის სვამდნენ, აღნიშნავდნენ. არანაირი კომუნიკაცია ჩვენს შორის არ იყო, ვიდრე ერთ-ერთი მაგიდიდან არ მოვიდა ახალგაზრდა კაცი, მოიტანა სასმელი და გილოცავ ახალ წელსო და სასმელი შემომთავაზა, ვუთხარი, რომ არ ვსვამ და მეც მივულოცე. თვითონ მითხრა, რომ მიცნობდა, გიორგი ვარ მანველიძეო, ამით დამთავრდა ჩვენი კომუნიკაცია და წავიდა, დაჯდა იქ.
დაახლოებით, 5-7 წუთში, ამ დროს მეუღლეს ვესაუბრებოდი, ჩამოვიდა დიმიტრი სამხარაძე, თანმხლებ ქალბატონთან ერთად, მოდის როიალთან, თითქოს უნდა დაკვრა, შემდეგ მიდის სუფრასთან და იქიდან უკვე მიზანმიმართულად მოდის ჩემთან, მეუბნება, რომ "მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე, ვიცი, რაზეც ხარ ჩამოსული", შეიგინა ნაციონალური მოძრაობის მიმართ, მე ჩვეულებრივად გავატარე ეს გინება. შემდეგ წავიდა კარისკენ, მერე შემობრუნდა, დაიწყო ყვირილი - "რა თქვი შენ ქოცებზე? ვის აგინებ შენ". მე ვუთხარი - "ვინ ქოცებზე, ვის ვაგინებ". გადავიდა გინებაზე, შეურაცხყოფაზე, ურტყამდა ფეხს მაგიდას, აქ მართლა არ დაურტყამს არაფერი ჩემთვის და როცა დავინახე, რომ აიშალა ყველა მაგიდა და წამოვიდა ჩემი მიმართულებით, დავიძარი ლობისკენ, დაცვას ვთხოვე მხარდაჭერა, დაცვა ჩაერთო საქმეში, ამ დროს მე რაღაც ნივთი, რომელიღაც მათგანმა დამარტყა.
შემდეგ გიორგი მანველიძემ აიღო ქოთანი, რომელშიც იყო მიწა ისროლა, არ ვიცი საგანგებოდ თუ არა, ამაცილა. ამის შემდეგ დაცვამ გამიყვანა, იყო მუქარები ჩემი მიმართულებით, მე ავედი ნომერში და დაახლოებით 15-20 წუთში, როცა ჩემი მეგობრები და კოლეგები მოვიდნენ სასტუმროში, ვისაც მე შევატყობინე, მათ დაინახეს უკვე სხვა სურათი, დაინახეს საკმაოდ დაზიანებული და მძიმე ტრავმებით გიორგი გახარია", - თქვა ქორიძემ.
ბათუმში, სასტუმრო შერატონში ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს და შემდეგ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას ფიზიკურად გაუსწორდნენ.