ყველა კანონი, რომელიც ამერიკაშია, არ არის სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, მაგალითად, ამერიკაში არის შტატები, სადაც დღემდე არსებობს სიკვდილით დასჯა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ავდგეთ და სიკვდილით დასჯა გადმოვიღოთ საქართველოშიც.
ამის შესახებ პარტია ,,მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ,,ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონი არასამთავრობო სექტორის სტიგმატიზირებას გამოიწვევს და მათ სხვა ქვეყნის ჯაშუშებად წარმოაჩენს. ,,ასეთი კანონის მიღება შეასუსტებს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. და მეორე, ყველა კანონი, რომელიც ამერიკაშია, არ არის სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, მაგალითად, ამერიკაში არის შტატები, სადაც დღემდე არსებობს სიკვდილით დასჯა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ავდგეთ და სიკვდილით დასჯა გადმოვიღოთ საქართველოშიც.
ასე რომ, ჩვენ უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებიდან, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან და აქედან გამომდინარე მივიღოთ ამერიკული თუ ევროპული კანონმდებლობა, ამ შემთხვევაში ეს კანონი ამერიკული იქნება თუ ,,ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებული, არც ერთი და არც მეორე არ უწყობს ხელს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული სტანდარტის განვითარებას და რაც მთავარია, არასამთავრობო სექტორის სტიგმატიზებას ახდენს, მათ წარმოაჩენს სხვა ქვეყნის ჯაშუშებად, ეს არის ამ ადამიანების შეურაცხყოფაც, ამ ორგანიზაციების შეურაცხყოფაც და იმ ათასობით ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც დასაქმებულია არასამთავრობო სექტორში“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მოძრაობა ,,ხალხის ძალამ“ კანონპროექტი ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში 14 თებერვალს დააინიციირა. როგორც მოძრაობის წევრები განმარტავენ, კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის მიზნით უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნას.