პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს გიორგი ქემოკლიძეს, რომელსაც ბრალი გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდების მხარე ქემოკლიძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დაცვის მხარის განცხადებით, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მას სააპელაციოში გაასაჩივრებენ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე დააკავეს.
უწყების თანახმად, ჩადენილი ქმედების გამო გიორგი ქემოკლიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე პატიმრობა ემურება.
პენიტენციურის ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალს არ აღიარებს.