აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთმა ნაწილობრივ შეაჩერა ვაჭრობა კუნძულთან. აღნიშნულის თაობაზე ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა.
სამინისტროს განცხადებით, შეჩერდა ტაივანში ჩინეთიდან სამშენებლო ქვიშის მიწოდება, რომელიც ფართოდ გამოიყენება ბეტონის წარმოებაში, გზების, შენობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაში.
გარდა ამისა, ჩინეთის საბაჟო ადმინისტრაციამ შეაჩერა ტაივანიდან ციტრუსის, გაყინული სკუმბრიის ფილისა და ზოგიერთი თევზის იმპორტი.
რამდენ ხანს გასტანს დაწესებული შეზღუდვები უცნობია. ჩინეთი ტაივანის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
ამავდროულად, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს ფონზე, ჩინეთმა კუნძულის გარშემო მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება დაანონსა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტის გამოსაცხადებლად დაიბარა აშშ-ის ელჩი პეკინში, ნიკოლას ბერნსი.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, ჩინეთის წინააღგმდეგობის მიუხედავად, ტაივანს 2 აგვისტოს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში სპიკერი პელოსი შეხვდა ტაივანის პრეზიდენტს ცაი ინ-ვენს და სიტყვით მიმართა პარლამენტს. დაგეგმილია შეხვედრა ტაივანის სამოქალაქო საზოგადოებასთან.
ნენსი პელოსი ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც კუნძულს ესტუმრა.
ტაივანი თავს სუვერენულ სახელმწიფოდ მიიჩნევს, ხოლო ჩინეთი მას განიხილავს, როგორც სეპარატისტულ პროვინციას. 2021 წლის ოქტომბერში ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ტაივანის ჩინეთთან შეერთება აუცილებლად განხორციელდება, თუნდაც სამხედრო გზით. საპასუხოდ, ტაივანმა განაცხადა, რომ თავს არ დაუხრის ჩინეთის ზეწოლას.