ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს აშშ-ის ელჩი პეკინში, ნიკოლას ბერნსი და გადასცეს მტკიცე პროტესტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანშ ვიზიტის გამო.
"ეს ნაბიჯი უკიდურესად შემაშფოთებელია და შედეგებიც ძალიან სერიოზული იქნება, ჩინეთი ამას გულგრილად არ შეხედავს", - ციტირებს ჩინეთის სახელმწიფო მედია საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრის სიტყვებს.
ვიცე-მინისტრ სი ფენგის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა "უნდა გადაიხადოს თავისი შეცდომებისთვის" და მოუწოდა ვაშინგტონს "დაუყოვნებლივ გამოასწოროს არასწორი ქმედებები, მიიღოს პრაქტიკული ზომები პელოსის ტაივანში ვიზიტით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად".
ამავდროულად, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს ფონზე, ჩინეთმა კუნძულის გარშემო მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება დაანონსა.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, ჩინეთის წინააღგმდეგობის მიუხედავად, ტაივანს 2 აგვისტოს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში სპიკერი პელოსი შეხვდა ტაივანის პრეზიდენტს ცაი ინ-ვენს. დაგეგმილია შეხვედრა ტაივანის სამოქალაქო საზოგადოებასთან.
ნენსი პელოსი ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც კუნძულს ესტუმრა.
ტაივანი თავს სუვერენულ სახელმწიფოდ მიიჩნევს, ხოლო ჩინეთი მას განიხილავს, როგორც სეპარატისტულ პროვინციას. 2021 წლის ოქტომბერში ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ტაივანის ჩინეთთან შეერთება აუცილებლად განხორციელდება, თუნდაც სამხედრო გზით. საპასუხოდ, ტაივანმა განაცხადა, რომ თავს არ დაუხრის ჩინეთის ზეწოლას.