გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა Der Spiegel-თან ინტერვიუში უარყო გერმანიაში უკრაინის ელჩის, ანდრეი მელნიკის ბრალდება, რომ ის რუსეთის მიმართ დაშოშმინების პოლიტიკას ატარებდა.
"მე ასე არ ვფიქრობ. დიპლომატია, თუ ის წარუმატებელია, არ ნიშნავს, რომ არასწორია", - განაცხადა მერკელმა და დასძინა, რომ მინსკის შეთანხმებების გარეშე, მისი აზრით, უკრაინაში მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკული იქნებოდა.
მერკელის თქმით, იგივეს იტყოდა თავის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, როდესაც 2008 წელს მხარი არ დაუჭირა უკრაინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას.
"ვფიქრობ, არ უნდა ვაღიარო, რომ შევცდი და ბოდიშს არ მოვიხდი ამ გადაწყვეტილების გამო", - თქვა მერკელმა.
კითხვაზე, შეეძლო თუ არა მას მეტის გაკეთება უკრაინაში ომის თავიდან ასაცილებლად, მერკელმა უპასუხა: "მე საკუთარ თავს არ ვადანაშაულებ. შეუძლებელი იყო უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა, რომელსაც შეეძლო ამის თავიდან აცილება."
"შეიძლებოდა მეტის გაკეთება, რათა თავიდან აგვეცილებინა ასეთი ტრაგედია და მიმაჩნია ეს სიტუაცია ძალიან დიდ ტრაგედიად - შეიძლებოდა კი მისი თავიდან აცილება? და რა თქმა უნდა, მე მაინც ვუსვამ საკუთარ თავს ამ კითხვას", - თქვა მერკელმა.
შეგახსენებთ, 25 თებერვალს წერილობით განცხადებაში მკაცრად დაგმო რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე და მხარი დაუჭირა კანცლერ ოლაფ შოლცის ძალისხმევას, შეეჩერებინა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მოქმედებები.
რუსეთის მიერ სასტიკი ომის წამოწყების შემდეგ, უკრაინის ლიდერებმა რამდენჯერმე გააკრიტიკეს ანგელა მერკელი კრემლის მიმართ წარმოებული ლიბერალური პოლიტიკისა და ბუქარესტის სამიტზე უკრაინის ნატოში გაწევრიანების დაბლოკვის გამო.
3 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ყოფილ კანცლერს ანგელა მერკელსა და საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნოკოლა სარკოზის მიმართა და ბუჩაში მიიწვია, რათა "საკუთარი თვალით ენახათ ნაწამები უკრაინელები და რუსეთის მიმართ პოლიტიკური დათმობების შედეგები".
4 აპრილს ანგელა მერკელმა, პრესსპიკერის მეშვეობით უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას და განაცხადა, რომ ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება.
10 აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს, როდესაც უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს.
25 მაისს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, მილიარდერმა ფილანთროპმა ჯორჯ სოროსმა "რუსეთთან სპეციალური გარიგებების" გამო, ანგელა მერკელი მკაცრად გააკრიტიკა.
2 ივნისს ანგელა მერკელმა, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ თავის პირველ საჯარო გამოსვლაში, ანგელა მერკელმა კიდევ ერთხელ მკაცრად გამო რუსეთის უკრაინაში შეჭრა და მხარი დაუჭირა გერმანიის მთავრობის ძალისხმევას, რომელსაც "ის რუსეთის პრეზიდენტის შეჩერებისთვის ახორციელებს".