უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, გერმანიამ და საფრანგეთმა 2008 წელს სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს, როდესაც უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს. ამის შესახებ მან ტელეარხ NBC-ის ეთერში განაცხადა.
კულებას თქმით, ამ შეცდომის საფასურს ახლა არა გერმანია ან საფრანგეთი, არამედ უკრაინა იხდის.
"ჩვენ რომ ნატოს წევრი ვყოფილიყავით, ეს ომი არ მოხდებოდა", - თქვა კულებამ.
"სტრატეგიული შეცდომა, რომელიც 2008 წელს დაუშვეს გერმანიამ და საფრანგეთმა, რომლებმაც უარყვეს აშშ-ის და სხვა მოკავშირეების ძალისხმევა უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიხდით. გერმანია ან საფრანგეთი კი არ იხდიან ამ შეცდომის საფასურს, არამედ უკრაინა", - განაცხადა კულებამ.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა საფრანგეთისა და გერმანიის მაშინდელი ლიდერები, ანგელა მერკელი და ნიკოლა სარკოზი, ბუქარესტის სამიტზე უკრაინის ნატოში გაწევრიანების დაბლოკვის გამო.
ზელენსკის კრიტიკას ანგელა მერკელი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კვლავ ერთგულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების.