გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა მკაცრად დაგმო რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, რომელსაც მან ისტორიაში გარდამტეხი მოვლენა უწოდა. ამის შესახებ მერკელმა გერმანულ სააგენტო DPA-ს განუცხადა.
„რუსეთის აგრესიული ომი ევროპაში ყველაზე გარდამტეხი მოვლენაა ცივი ომის დასრულების შემდეგ. მე რაც შეიძლება მკაცრად ვგმობ ამას“, - თქვა მერკელმა.
მისი თქმით, „არავითარი გამართლება არ აქვს საერთაშორისო სამართლის ამ აშკარა დარღვევას“.
მერკელმა სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს და მთავრობას, რომელსაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობს „ამ საშინელ საათებსა და დღეებში“.
ყოფილმა კანცლერმა ასევე გამოხატა თავისი სრული მხარდაჭერა გერმანიის მთავრობის, ევროკავშირის, ნატოს, გაეროსა და დიდი შვიდეულის ძალისხმევის მიმართ, რომელსაც ისინი ომის სწრაფად დასრულებისთვის ახორციელებენ.