სამშაბათს ღამით, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ სანქციების ახალ, მეექვსე პაკეტზე, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტზე ნაწილობრივ ემბარგოს ითვალისწინებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, სანქციები დაუყოვნებლივად შეეხება რუსული ნავთობის იმპორტის 75 პროცენტს, ხოლო წლის ბოლოსთვის ეს ზომა შეეხება ევროპაში იმპორტირებული რუსული ნავთობის 90 პროცენტს.
ევროკავშირის გადაწყვეტილებით, სანქციებს ქვეშ მოექცევა ნავთობი, რომელიც გაერთიანების ქვეყნებს საზღვაო გზით მიეწოდებოდათ. მილსადენ "დრუჟბას" მეშვეობით ნავთობის მიწოდება კვლავინდებურად გაგრძელდება.
მილსადენ "დრუჟბა"-ზე, რომელიც ევროპას რუსული ნავთობით ამარაგებს, განსაკუთრებით დამოკიდებულია უნგრეთი. სწორედ ამიტომაც ბუდაპეშტი იყო რუსეთის წინააღმდეგ სრული ემბარგოს დაწესების წინააღმდეგი.
Bloomberg-ის ანალიტიკოსების შეფასებით, მხოლოდ საზღვაო გადაზიდვების აკრძალვამ შეიძლება რუსეთს წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი დააკარგვინოს. ეკონომისტების ვარაუდით, რუსული კომპანიები იძულებულნი გახდებიან გაყიდონ თავიანთი ნავთობი აზიაში და თანაც დიდი, [ბარელზე] 34-დოლარიანი ფასდაკლებით.
იმ შემთხვევაში, თუ "დრუჟბა" ნავთობსადენის ჩრდილოეთ ფილიალიდან პოლონეთსა და გერმანიაში ნავთობის მიწოდების შეწყდება, ეს კიდევ დამატებით 12 მილიარდი დოლარის ზარალს გამოიწვევს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ გერმანია და პოლონეთი გეგმავენ, "დრუჟბას" მილსადენით ნავთობის მიწოდება წლის ბოლომდე სრულად შეწყვიტონ, რის შემდეგაც რუსული ნავთობის 90% -ი აკრძალვის ქვეშ მოექცევა.