ბრიუსელში, ევროპული საბჭოს საგანგებო და ხანგრძლივ შეხვედრაზე, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტზე.
ლიდერებს შორის მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს, რუსული ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას, რაც ამ დრომდე უთანხმოების საგანს წარმოადგენდა.
საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სანქციები დაუყოვნებლივად შეეხება რუსული ნავთობის იმპორტის 75 პროცენტს, ხოლო წლის ბოლოსთვის ეს ზომა შეეხება ევროპაში იმპორტირებული რუსული ნავთობის 90 პროცენტს.
აღსანიშნავია, რომ სანქციები ვრცელდება ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, იმ გამონაკლისით, რომ ნავთობის მიწოდება მილსადენით კვლავ გაგრძელდება. შედეგად, ევროკავშირის ემბარგო შეეხება საზღვაო გზით მიწოდებულ რუსულ ნავთობს, მილსადენი "დრუჟბა" კვლავ გააგრძელებს ევროპისთვის ნავთობის მიწოდებას.
ამას გარდა, სანქციების მეექვსე პაკეტი ითვალისწინებს საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან, SWIFT-იდან რუსეთის უმსხვილესი ბანკის, "სბერბანკ"-ის გათიშვას და რუსეთის სამი სახელმწიფო ტელეარხის მაუწყებლობის აკრძალვას.
შარლ მიშელის, საბჭომ ასევე დაადასტურა უკრაინისთვის ცხრა მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომელიც ქვეყნის აღსადგენად არის გათვალისწინებული.
სანქციების მე-6 პაკეტი ევროკომისიამ ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში მოამზადა, თუმცა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, დიდწილად უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანი წინააღდეგობის გამო.