უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროპის უსაფრთხოების მომავალი ახლა უკრაინაში წყდება. ამის შესახებ მან კიევში, პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ის და მისი პოლონელი და ლიეტუველი კოლეგები რუსეთის დანაშაულის შეაფასებაში ერთსულოვანნი არიან.
"ეს არის რუსეთის მიერ განხორციელებული მორიგი აგრესიის აქტი უკრაინის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ", - თქვა ზელენსკიმ, გამოეხმაურა რა, რუსეთის მიერ სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას.
ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა დასავლეთს რუსეთს წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.
ზელენსკიმ მინსკის შეთანხმებებთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაზეც ისაუბრა. მანამდე პუტინმა თქვა, რომ მინსკის შეთანხმებები აღარ არსებობს.
"ეს უკრაინის დონბასში ვითარების დასტაბილურებისკენ მიმართული უკრაინული და საერთაშორისო მცდელობებისთვის ძირის გამოთხრაა. საერთაშორისო საზოგადოების პასუხი ამ დანაშაულზე უნდა იყოს გადამწყვეტი, მყისიერი და მკაცრი", - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ სრულად უნდა შეჩერდეს "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტი, რომელიც კრემლის ხელში იარაღადაა ქცეული უკრაინისა და ევროპის წინააღმდეგ.
სეპარატისტული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების აღიარებასთან დაკავშირებით, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს.
22 თებერვალს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პირველი პაკეტი დაამტკიცა. ამავე დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე.
შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სანქციებს უერთდებიან დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია და ავსტრალია. ამასთან, გერმანიამ განაცხადა, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.
რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 21 თებერვალს აღიარა.