უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენელთა გუნდების სამმხრივი შეხვედრა ნოემბრის პირველ ნახევარში იგეგმება, თუმცა მისი გამართვა რუსულ მხარეზეა დამოკიდებული.
ზელენსკიმ ამის შესახებ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საუბრისას მხარეებმა ნორვეგიაში გამართული შეხვედრების შედეგები და ის გზები განიხილეს, რომლებითაც დიპლომატიური პროცესი შეიძლება გაგრძელდეს.
„ნოემბერში შეთანხმებული გვაქვს უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის გუნდების დონეზე სამმხრივი შეხვედრის გამართვა და ვიმედოვნებთ, რომ ის შედგება. შეხვედრა ნოემბრის პირველ ნახევარში, რაც შეიძლება მალე იგეგმება, თუმცა ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დღეს შევხვდეთ, თუნდაც ხვალ. ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი სამმხრივი შეხვედრის გამართვას ოქტომბერშიც ელოდა, თუმცა ის არ შედგა.
„შეხვედრა არ გაიმართა, რადგან რუსებმა უარის სათქმელად კიდევ ერთი საბაბი მოიგონეს. ახლა ყველამ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ეს შეხვედრები შედგეს. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს ამერიკასთან, ევროპასა და სხვა პარტნიორებთან ერთად. ასეთი შეხვედრები აუცილებელია და დიპლომატიური პროცესი წინ უნდა წავიდეს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის მიაჩნია, რომ ასეთი შეხვედრები აშშ-ის მონაწილეობისა და რუსეთის მიმართ ამერიკული ზეწოლის გარეშე ვერ გაიმართება.
„ჩვენ გვჭირდება სამმხრივი მოლაპარაკებები უკრაინას, ამერიკასა და რუსეთს შორის, ამ დიალოგის ნაწილი ევროპაც უნდა იყოს. გარდა ამისა, ტექნიკური დონის მოლაპარაკებებიდან ლიდერების შეხვედრაზე უნდა გადავიდეთ, რადგან ძირითადი საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ უმაღლეს დონეზეა შესაძლებელი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.