კანადის პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, ოტავა მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კოორდინაციით, სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს აწესებს.
ტრუდოს თქმით, ეს არის სანქციების პირველი რაუნდი. მისი თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან შეწყდება ფინანსური საქმიანობა.
ოტავა ასევე სანქციებს უწესებს რუსეთის დუმი დეპუტატებს, რომლებმაც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას დაუჭირეს მხარი.
კანადა სანქციებს აწესებს ასევე, რუსეთის სუვერენულ ვალზე.
ამავდროულად, კანადა ნატოს მისიის ფარგლებში, ლატვიაში დამატებით სამხედროებს გზავნის.
"ჩვენ ვგზავნით დამატებით 460 ჯარს ნატოს გასაძლიერებლად", - დაწერა ტრიუდომ ტვიტერზე.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ასევე იგეგმება რეგიონში დამატებითი ფრეგატის და საზღვაო საპატრულო თვითმფრინავის გაგზავნა.
მისი თქმით, "რუსეთის ქმედებები უკრაინაში არის თავდასხმა დემოკრატიაზე და საფრთხეს უქმნის მსოფლიო მშვიდობას".
დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს უერთდებიან ასევე იაპონია და ავსტრალია. იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას განცხადებით, სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება არის "უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა".
კიშიდამ მოსკოვს მოუწოდა "დუაბრუნდეს დიპლომატიას უკრაინის ირგვლივ არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად".
ტოკიოს მიერ დაწესებული სანქციები მოიცავს იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვების აკრძალვას, გარკვეული ფიზიკური პირების აქტივების გაყინვას და ასევე იაპონიაში მოგზაურობის შეზღუდვას.
რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე ისაუბრა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა. მისი განცხადებით, სანქციების პირველი რაუნდი შეეხება კონკრეტულ პირებს - რუსეთის უშიშროების საბჭოს რვა წევრს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსეთის ბოლო ქმედებებზე - და მოიცავს ავსტრალიაში ვიზიტის აკრძალვას და ფინანსურ შეზღუდვებს.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სანქციები გავრცელდება პრორუსული სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორებზე ყველა საწარმოსა და ორგანიზაციაზე, რომლებიც საქმიანობენ ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში.
გარდა ამისა, სანქციები შეეხება რუსულ სახელმწიფო კორპორაციას VEB.RF (ყოფილი Vnesheconombank) და რამდენიმე ბანკს.
"ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია", - განაცხადა სკოტ მორისონმა და მიანიშნა, რომ სანქციები მომავალში შესაძლოა გაფართოვდეს.
მანამდე, 22 თებერვალს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პირველი პაკეტი დაამტკიცა. ამავე დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე.
რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 21 თებერვალს აღიარა.