ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რიგგარეშე შეხვედრაზე ერთხმად შეათანხმეს სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა.
ლე დრიანმა რუსეთის გადაწყვეტილებას სეპარატისტული რეგიონების აღიარების შესახებ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა უწოდა.
„ჩვენ ერთხმად შევათანხმეთ სანქციათა პაკეტი. მადლობა ბატონ ჟოზეპ ბორელის იმ როლისთვის, რომელც მან ამაში შეასრულა“, - განაცხადა ლე დრიანმა.
„ეს სანქციათა პაკეტი, რომელიც ერთხმად არის მიღებული, ტკივილს მიაყენებს რუსეთს და ეს იქნება დიდი ტკივილი. ჩვენ ამას ვაკეთებთ კოორდინაციაში ჩვენს ამერიკელ, ბრიტანელ და კანადელ პარტნიორებთან ერთად, რომლებთანაც ამ საათების განმავლობაში მჭიდრო კონტაქტი მქონდა“, - განაცხადა ვროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელიმ.
ბორელის თქმით, სანქციების ქვეშ მოექცევა რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს პუტინისადმი მიმართვას დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების თაობაზე.
ასევე სანქცირებულთა სიაში მოხვდება 27 ადამიანი და გაერთიანება, რომლებმაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრაში დიდი როლი შეასრულეს.
კერძოდ, სანქციები დაუწესდებათ იმ პირებს, რომლებიც პასუხიმგებელნი არიან უკრაინელების მიმართ მუქარასა და საფრთხის შექმნაში და გაერთიანებები, რომლებიც ფინანსურ ან მატერიალურ დახმარებას უწევდნენ რუს სამხედროებს და სხვადასხვა ოპერაციებს ამ ტერიტორიებზე, თავდაცვის სექტორის წარმომადგენლებს, რომლებმაც დიდი როლი შაესრულეს დესტაბილიაციაში და იმ პირებს, რომლებიც აწარმოებდნენ დეზინფორმაციულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ასევე ბანკებს, რომლებიც აფინანსებდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადწყვეტილებების მიმღებ პირებს.
რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 21 თებერვალს აღიარა.