რუსი ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი რუსეთის ხელისუფლებამ "ექსტრემისტების და ტერორისტების" რეესტრში შეიყვანა. იუწყება სააგენტო "ინტერფაქსი".
რუსული კანონმდებლობის თანახმად, ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე გაიყინება საბანკო ანგარიშები და ბანკები წყვეტენ "ტერორისტთან" მომსახურებას.
ნავალნისთან ერთად, კრემლმა "ტერორისტთა" სიაში შეიყვანა პოლიტიკოსის თანამოაზრეები ლიუბოვ სობოლი, ვიაჩესლავ გიმადი და გეორგი ალბუროვი.
რამდენიმე დღით ადრე, რუსეთმა ტერორისტებად გამოაცხადა ნავალნის მოკავშირეები ივან ჟდანოვი და ლეონიდ ვოლკოვი.
ალექსეი ნავალნის საქმე
თითქმის ექვსი თვის განმავლობაში კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი მკურნალობდა გერმანიაში მას შემდეგ, რაც რუსეთის სპეცსამსახური მისი "ნოვიჩოკით" მოწამვლას შეეცადა. 2021 წლის იანვარში ნავალნი დაბრუნდა მოსკოვში. ის აეროპორტშივე დააკავეს.
მძაფრი საერთაშორისო კრიტიკისა და ზეწოლის მიუხედავად, ოპოზიციონერს 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მის მიერ დაარსებული ორგანიზაცია, "ანტიკორუფციული ფონდი", ექსტრემიზმის ბრალდებით დაიხურა. მოგვიანებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
ალექსეი ნავალნის 2021 წლის სახაროვის პრემია გადაეცა.