ევროპარლამენტმა რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 2021 წლის სახაროვის პრემია გადასცა.
გადაწყვეტილება ევროპარლამენტის პრეზიდიუმმა მიიღო, რომლის შემადგენლობაში შედიან პრეზიდენტი და ფრაქციის თავმჯდომარეები.
პრემიის გადაცემის ცერემონია 15 დეკემბერს, სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიმართება. ვინაიდან, ნავალნი რუსეთის კოლონიაში იმყოფება, პრემიას მისი სახელით, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მეუღლე ან გარემოცვის წევრი მიიღებს.
გასულ წელს, სახაროვის პრემია ბელარუსის ოპოზიციას გადაეცა.
სახაროვის პრემია დაარსდა 1988 წელს ევროპის პარლამენტის მიერ, საბჭოთა მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის, ხსოვნის პატივსაცემად. ჯილდო გაიცემა ყოველწლიურად შემდეგ სფეროებში წარმატების შემთხვევაში:
ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვა.
დემოკრატიის განვითარება და კანონის უზენაესობის დაცვა.
საერთაშორისო სამართლის პატივისცემა.
უმცირესობის უფლებების დაცვა.
პრემიის მფლობელს ფულადი ჯილდოს სახით 50 ათასი ევრო გადაეცემა.