ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ გამოსცა დროებითი ღონისძიება და კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. სასამართლოს გადაწყვეტილება ნავალნის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის შესაბამისად, 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ რუსეთს ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მითითება მისცა.
დროებით ღონისძიებას სასამართლო მაშინ მიმართავს, როდესაც ჩათვლის, რომ ზომების მიუღებლობა განმცხადებლის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. გადაწყვეტილება აღსასრულებლად სავალდებულოა.
რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, რუსეთი არ აპირებს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას, რადგან იგი "სუვერენული სახელმწიფოს სასამართლო სისტემაში უხეში ჩარევის პრეცენდენტს ქმნის".
2 თებერვალს, მოსკოვის სიმონოვსკის სასამრთლომ, ალექსეი ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე პირობითი მსჯავრი 3 წლითა და 5 თვით რეალური პატიმრობით შეუცვალა.
ალექსეი ნავალნი გასული წლის აგვისტოში მოწამლეს ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით". ის სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მოახერხეს მისი გადარჩენა. კრემლმა არაერთხელ უარყო რაიმე სახის მონაწილეობა მის მოწამვლაში.
ალექსეი ნავალნი 17 იანვარს მოსკოვის შერემეტიოვოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, ბერლინიდან ჩაფრენის შემდეგ დააკავეს.