გია თორთლაძე იმედოვნებს, რომ ე.წ. პატრიოტის აქტის კანონპროექტის გაცნობის შემდეგ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აზრი რადიკალურად შეიცვლება.
ამის შესახებ განცხადება თორთლაძემ დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც წარმოადგინა კანონპროექტი რომლის სრული სათაურია "ანტიტერორისტული ღონისძიებების საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის შესახებ".
როგორც გია თორთლაზე აღნიშნავს, კანონპროექტის შემუშავების მთავარი მიზანი იყო საქართველოში ანტიტერორისტული ღონისძიებების განხორციელებისათვის მეტი ბერკეტების შექმნა, იმისათვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნას დაცული.
თორთლაძის განცხადებით, აღნიშნული კანონი მიღებული აქვს ბევრ ისეთ ქვეყანას, სადაც ტერორისტული აქტი არ მომხდარა და მიიჩნევს, რომ საქართველოში ტერორისტული აქტები არც თუ ისე იშციათია აღნიშნული კანონი აუცილებლად უნდა იქნას მიღებული.
თორთლაძის თქმით, ამ იდეის ოპონენტები ისე საუბრობენ უარყოფით ფაქტორებზე რომ კანონპროექტს არ იცნობენ და იმედოვნებს რომ კანონპროექტის გაცნობის შემდეგ მათი პოზიცია შეიცვლება. თორთლაძის თქმით, მის მიერ მომზადებული კანონპროექტი არ ითავლისწინებს არც ადამაინების მოსმენას, არც ბინების უნებართო ჩხრეკას და არც ელექტრონული ფოსტის უნებართვო შემოწმებას.
"კანონპროექტის მთავარი არსი არის საზღვრის მონიტორინგის გაძლიერება, როგორც ადამიანების შემოსვლის მხრივ ასევე ტვირთების მხრივ. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მონიტორინგის გაძლიერებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. საზღვრებზე. ვინაიდან ტერორიზმის დიდი საფრთხე სწორედ აქედან შემოდის. აღნიშნულის განსახორციელებლად კი კანონპროექტში გათვალისწინებულია რამდენიმე მომენტი, რომელიც არეგულირებს სამართალდამცავი და სახელმწიფო ორგანოთა კოორდინაციას. მათ შორის ინფორმაციის გაცვლის მეტ მექანიზმებს და კონტროლის განხორციელებისათვის მეტი ტექნიკური საშუალებების მობილიზებას, როგორიცაა საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო საზღვრების და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დაცვისათვის", _ აცხადებს თორთლაძე.
კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში დღეს მოხდა და ოფიციალური განხილვა სავარაუდოდ მომავალი საკომიტეტო კვირიდან დაიწყება.