პროგნოზების ფონზე, რომ აშშ-ის კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვების შემდეგ ობამასა და მედვედევის ურთიერთობების "თაფლობის თვე" დასრულდება, ასევე ირანისა და "5+1" ჯგუფს შორის მოლაპარაკებათა ახალი რაუნდის დაწყების წინ, გაჩნდა შეტყობინებები იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილებს ირანში გამგზავრების შესახებ. მიზეზი კი ბუშერის ატომური ელექტროსადგურის გახსნაა.
ირანული გაზეთი "ჯავანი" წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მედვედევი ბუშერის ატომური ელექტროსადგურის გახსნაში მონაწილეობის მისაღებად ჩადის გაჩნდა იმ ვადებზე უფრო ადრე, ვიდრე ეს განსაზღვრული იყო შესაბამისი წრეების მიერ თარიღად, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი კვლავ ირანის მხარეს შემობრუნდება.
გაზეთის ინფორმაციით, მოსკოვის ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ აშშ-ს კონგრესში შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის სავარაუდო მოსალოდნელი დამარცხებისა და შესაძლოა 2012 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგაც რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა სულ უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება, მით უფრო, რომ რუსეთის ხელისუფლების ვარაუდით, კონგრესმა სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელების იქნება, შესაძლოა დამატებითი წინააღმდეგობები შექმნას შეთანხმება "სტარტ-2"-ის რატიფიცირების გზაზე.
სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ახალ შეთანხმებას "სტარტ-2"-ს მედვედევისა და ობამას მიერ ხელი 2010 წლის აპრილში პრაღაში მოეწერა, მას შემდეგ რაც წინა ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა. ამ ხელშეკრულების ხელისმოწერას წინ უსწრებდა ხანგრძლივვადიანი ორმხრივი მოლაპარაკებები, თუმცა მისი ძალაში შესვლა ჭიანურდება იმასთან დაკავშირებით, რომ რესპუბლიკელები ხელშეკრულების მთელი რიგი პუნქტების წინააღმდეგ გამოდიან.
"რესპუბლიკელები ყოველთვის მხარს უჭერდნენ ყველა იმ პროექტს რომელიც აშშ-ს კავკასიაში, შუააზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში შესვლისკენ იყო მიმართული. ისინი ასევე მხარს უჭერდნენ ამერიკული პროექტების აღორძინებას, რომლებიც ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განლაგებას ეხება.
სწორედ ამასთან დაკავშირებით, წყაროს ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ირანის მხარეს შემოტრიალება ამერიკელებისათვის კარგი გაფრთხილება იქნება", _ წერს გაზეთი და აღნიშნავს, რომ მოცემული მომენტისათვის არავითარი შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა რუსეთისა და ნატოს მოლაპარაკებები მოსკოვის მონაწილეობის შესახებ ერთობლივ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაში.
"მეორეს მხრიდან, დასავლეთი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სანქციებმა ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინეს ირანის ბირთვული პროგრამის რეალიზების მიმდინარეობაზე. შექმნილი სიტუაციიდან არავითარი გამოსავალი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.
შედეგად, აშშ-მ და ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება ირანთან ერთად მოლაპარაკებათა მაგიდას დაუბრუნდეს "5+1" ფორმატში. ამასთან დაკავშირებით, უკვე შედგა ოფიციალური კონტაქტები მოლაპარაკებათა ახალი რაუნდის დაწყების შესახებ.
თავის მხრივ რუსეთი იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ირანთან ურთიერთობების აღდგენისკენაა მიმართული და მისი ნაციონალური ინტერესების დაცვას ემსახურება, რომლებიც შესაძლოა დაზარალდნენ ირანსა და დასავლეთს შორის ამა თუ იმ ურთიერთქმედების გამო.
ასე, რომ მოსკოვი იმედს იტოვებს, რომ ასეთი მოქმედებების გამო, როგორებიცაა მაგალითად ბუშერის ატომური ელექტროსადგურის გახსნა, იგი კვლავ ხელში აიღებს ირანულ კარტს, რომლის მეშვეობითაც იგი შეძლებს და დასავლეთთან ძველ თამაშს განაახლებს.
წყაროს ინფორმაციით, რუსეთი ამჟამად მუშაობს იმ მექანიზმებზე, რომელთა მეშვეობით იქნება შესაძლებელი გაეროს რეზოლუციის გვერდის ავლა და ირანისათვის "ს-300" სარაკეტო კომპლექსების მიწოდების განახლება", _ იუწყება გაზეთი.