ზაქარია მშიშარა კაცი არ არის, ასე რომ მე ჩემი აზრი ყოველთვის მქონდა ჯერ კიდევ მე-8 მოწვევის პარლამენტში, ასევე მე-9 მოწვევაში და შემდეგ პარლამენტშიც მექნება ჩემი აზრი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ დაისჯება განსხვავებული აზრის გამო.
„ჩვენ დემოკრატიული უმრავლესობა ვართ, რასაც თქვენ დაპირისპირებას ეძახით, ჩვენ ვეძახით აზრთა სხვადასხვაობას. მე მაგალითად, ჩემი სუბიექტური აზრი შემძლია გავაჟღერო, მე მაგალითად, ვთქვი, რომ სანამ არ შემუშავდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კრიტერიუმები და ეს არ იქნება სამართლიანად გაწერილი, იქამდე, მე თავს შევიკავებ პროცესში მონაწილეობისგან. დემოკრატიული უმრავლესობა ვართ, ბატონმა ბიძინამ პირდაპირ თქვა, რომ "ზაქარია ქუცნაშვილი არის ის კაცი, რომელიც ზოგჯერ არ იზიარებს, მათ შორის ჩემს შეხედულებებს". ზაქარია მშიშარა კაცი არ არის, ასე რომ მე ჩემი აზრი ყოველთვის მქონდა ჯერ კიდევ მე-8 მოწვევის პარლამენტში, ასევე მე-9 მოწვევაში და შემდეგ პარლამენტშიც მექნება ჩემი აზრი“, - განაცხადა ქუცნაშილმა.
„ქართული ოცნების“ ოფისში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. სხდომაზე გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ 2018 წლის 31 დეკემბერს აირჩიეს. მას შემდეგ, რაც ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
გედევან ფოფხაძის ამ თანამდებობაზე დანიშვნას საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი არ დაეთანხმა. მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი შეფასებით, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეგლამენტის დარღვევით აირჩიეს.
საპარლამენტო უმრაველსობაში დაპირისპირება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას მოჰყვა, რის გამოც ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის დანამდებობა დატოვა. თანამდებობა ასევე დატოვა იურიდიული კომიტეტის პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშილმა. ბესელია და მისი მხარდამჭერები უმრავლესობიდან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის სრულად შეცვლას და სიის დაკომპლექტებისთვის კანონმდებლობის გადახედვას ითხოვს. ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ის გუნდიდან წასვლას არ აპირებს და ბრძოლას გააგრძელებს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
პარლამენტში სიის გადაგზავნის შემდეგ ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, თანამდებობის დატოვებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი შეაჩერა.
ეკა ბესელიას განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გაუგებარი უწოდა. როგორც მან აღნიშნა, რატომ დაუკავშირა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის თანამდებობიდან გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს. მისი თქმით, ეკა ბესელიას გადადგომის მიზეზი დიდ წილად პარტიის შიდა სამზარეულოა.
ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას გუნდურობაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ეკა ბესელია იმ კავშირზე საუბრობდა, რომელიც არ არსებობს და ეს არ არის გუნდური თამაში. მისივე თქმით, გუნდის ნაწილი იქნება ის, ვინც გუნდის თამაშს თამაშობს.