აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, თემურ დიასამიძეს, დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიაში უსმენდნენ. სხდომაზე საკურორტო სეზონთან დაკავშირებით ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში, რესტორნებსა და სასტუმროებში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს სურსათის უვნებლობისა და სასმელი წყლის ხარისხის საკითხებიც.
თემურ დიასამიძის განცხადებით, ზაფხულის სეზონისათვის ქართველ, სომეხ, თურქ და ირანელ ტურისტებს ელოდებიან.
"მიუხედავად ქალაქში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისა, ტურისტული სეზონი არ შეფერხდება. სეზონის პიკისათვის დამთავრდება ქალაქის ცენტრალური ნაწილის კეთილმოწყობა", - აცხადებს დიასამიძე.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს აჭარას 133 ათასი ტურისტი ეწვია. წლის ბოლოსთვის კი მათი რიცხვი 750-800 ათას მიაღწევს. გასულ წელს აჭარაში 300 ათასი ტურისტი ჩამოვიდა.