"ერთხელ და სამუდამოდ დაინგრა მითი თბილისის, როგორც მთავარი ოპოზიციური ქალაქის შესახებ", - ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ოპოზიციამ ხალხს ვერ აუხსნა, რისთვის მოდიოდა თბილისის ხელისუფლებაში და რატომ სჯობდა მოქმედ მერს. უგულავამ შეძლო იმის დასაბუთება, რომ რაც გაკეთდა, ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გაკეთდა. საზოგადოებამ ირწმუნა, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელსაც დაპირებების შესრულება შეუძლია", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
ამასთან, ცისკარიშვილის შეფასებით, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მაღალი ნდობა აქვს, ოპოზიციამ კი ღირსეული კონკურენციის გაწევა ვერ შეძლო.
"ძლიერ გუნდს ძლიერი პოზიცია უნდა დაუპირისპირო. დამარცხდნენ იმიტომ, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყების მაგივრად, ერთმანეთში ქიშპობას გადაჰყვნენ. არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოში პრორუსული ძალების რეიტინგი ნულოვანია. ნოღაიდელის მოსკოვური ვოიაჟების არავის სჯერა. ამ არჩევნების შემდეგ კრემლიც დაინახავს, რამდენად მცირეა ბურჯანაძისა და ნოღაიდელის მხარდაჭერის დოზები ქართულ საზოგადოებაში", - განაცხადა ცისკარიშვილმა.