სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა კლინიკა „ვივამედში“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მოინახულეს.
როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ გასტროენტეროლოგმა, გიორგი გვილიამ განაცხადა, ექიმების საერთო აზრია, რომ მზია ამაღლობელმა კლინიკის პირობებში უნდა განაგრძოს ადეკვატური მკურნალობა.
„მდგომარეობა დასაფიქრებელია, არ არის მარტივი. მოგეხსენებათ, უკვე მერამდენე დღეა, შიმშილობის. როგორც დოკუმენტებს და ისტორიას გავეცანი, საავადმყოფოში გადმოყვანამდე იყო კიდევ უფრო მძიმე. კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ ნამდვილად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება, ყველა საჭირო გამოკვლევა. ძალიან ყურადღებით გავეცანით ისტორიას. პრაქტიკულად, ყველაფერი ტარდება, რათა შიმშილობამ მალე მძიმე შედეგები არ გამოიწვიოს. დღესდღეობით, არ არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რაც შეიძლებოდა, ამდენი დღის შიმშილობის შემდეგ ყოფილიყო, მაგრამ ეს ალბათ დამსახურებაა კლინიკის, ჩემი კოლეგების, რომლებიც ადეკვატურად, დროულად, კარგად მკურნალობენ. მაინც უნდა ითქვას, რომ ამ მდგომარეობას აქვს საზღვარი. ეს საზღვარი სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვანაირია. რაღაც დროის შემდეგ ორგანიზმში მიდის ისეთი ცვლილებები, რომ გარედან მოხმარება, რაც დღესდღეობით სრულიად ადეკვატურად ხდება, აღარ იქნება საკმარისი. ანუ, ადამიანი არ არის მექანიზმი, ისეთი მარტივი, რომ რაღაც დააკლდა, შეავსო და შემდეგ იმუშაოს. შევავსებთ ყველაფერს, მაგრამ შემდეგ შეიძლება, ისეთი ძვრები განვითარდეს, რომ ის ვეღარ დავიჭიროთ“, – განაცხადა გიორგი გვილიამ.
გვალიას განმარტებით, ძვრები ბევრნაირია.
„ძვრები ბევრნაირია, გულში, საჭმლის მომნელებელ სისტემაში, თირკმელში, ფილტვში, ღვიძლში. შეიძლება, თანდათანობით მოხდეს ყველაფრის უკმარისობა და მწყობრიდან გამოსვლა. ამიტომ, მე მიმაჩნია და ჩვენი კოლეგები შევთანხმდით, მიგვაჩნია, რომ პაციენტი თუ აგრძელებს შიმშილობას, პაციენტის ინტერესებიდან, მისი სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე, იგი უნდა დარჩეს კლინიკაში და იქ გაგრძელდეს მისი ადეკვატური მკურნალობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იგივე ადეკვატური მკურნალობის პირობებში, ძალიან ყურადღების პირობებშიც კი, რაღაც დროის შემდეგ ვითარდება ისეთი ცვლილებები, რომლებიც კარგად იციან ექიმებმა, დათვლილია, გამოთვლილია ეს ცვლილებები – რომ მერე თუნდაც ძალიან მაღალი დონის სამედიცინო ჩარევა ვეღარ იზამს ისე, რომ პაციენტი გადავარჩინოთ“, - განაცხადა გიორგი გვალიამ.