კონსტანტინე გამსახურდიას პარტია "თავისუფლების" წევრი სანდრო ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილს დანაპირებს ახსენებს და სთხოვს, რომ სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობა ოპოზიციას ახლა მაინც დაუთმოს. ამის შესახებ განცხადება მან დღეს პარალმენტში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე გააკეთა, რომელიც პატიმრობაში მყოფი ცოტნე გამსახურდიას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას მიეძღვნა.
ინფორმაცია ეხება ციხის საავადმყოფოში არსებულ პირობებს, სადაც, ცოტნე გამსახურდიას თქმით, პატიმრებს სცემენ და აწამებენ. ბრეგაძემ განაცხადა, რომ როდესაც კონსტანტინე გამსახურდია პარალმენტში შევიდა, მათ სააკაშვილს სთხოვეს, ოპოზიციისათვის დაეთმო საჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობა იმ დაპირების საპასუხოდ, რომელიც თავად სააკაშვილმა გააჟღერა და ოპოზიციას აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობები შესთავაზა. ბრეგაძის თქმით, ამ თხოვნაზე ხელისუფლების მხრიდან არანაირი პასუხი არ მოუსმენიათ და სააკაშვილს კიდევ ერთხელ მიმართავს, რომ ახლა მაინც დაუთმოს ოპოზიციას სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობა, რათა ოპოზიციამ შეძლოს აღნიშნული სფეროს მონოტირინგი.