"მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერის, თავდაცვის ექს-მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეფასებით, ოპოზიციის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ზოგიერთი პოლიტიკური ძალის პირადი ამბიციებია.
ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში საუბრისას განაცხადა.
"თუ ოპოზიციამ გადაჯგუფება ვერ მოახერხა, საზოგადოებას არსებულ რეჟიმთან შეგუება დიდხანს მოუწევს. მე მესაუბრებოდა ერთ-ერთი ოპოზიციონერი, რომელიც ამბობდა, რომ თუ სააკაშვილის მოშორება მისი ხელით არ მოხდება, სხვის მოშორებულს მირჩევნია, ისევ იქ იჯდეს, სადაც ზისო. ამ მიდგომით მიზნის მიღწევა შეუძლებელია", _ განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
ამასთან, ოქრუაშვილი ოპოზიციის წარუმატებლობას სამი გარემოებით ხსნის. კერძოდ კი ექს-მინისტრი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის წარუმატებლობა მიზნის არარსებობამ, სტრატეგიის არქონამ და ცალკეული ოპოზიციონერების პირადმა ამბიციებმა გამოიწვია.
"ხელისუფლებასთან ოპოზიციის ბრძოლის სამმა აქტიურმა წელმა ჩაიარა, თუმცა შედეგები სახეზე არაა. სახეზე არაა დაშვებული შეცდომების ანალიზი, რაც ახალი სტრატეგიის დანახვის შესაძლებლობას მოგვცემდა. სანამ საკუთარ თავზე მესამე პირში ვლაპარაკობთ, არაფერი გამოვა. ასეთი ნაბიჯებით 3 წელიც გავა, 6 წელიც და შედეგი არ გვექნება", _ აღნიშნა ოქრუაშვილმა.