ანტიაზერბაიჯანული განცხადებების გამო, ბაქომ რუსეთის სახელმწიფო დუმის ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლაი ვალუევი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მას აზერბაიჯანში შესვლა აუკრძალა.
"რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის სახელმწიფო დუმის ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ნიკოლაი ვალუევის შეურაცხმყოფელი განცხადებები აზერბაიჯანისა და ჩვენი ხალხის მიმართ, აბსოლუტურად მიუღებელია. ისევე როგორც მისი მუქარის განცხადებები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მისი სახელი შეტანილია იმ პირთა სიაში, რომელთაც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შესვლა აკრძალული აქვთ," - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა აიჰან ჰაჯიზადემ.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ვალუევმა შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა აზერბაიჯანისა და აზერბაიჯანელი ხალხის მიმართ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანში “რუსული საინფორმაციო – კულტურის ცენტრი – “რუსული სახლი” დაიხურა.