„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა გაითვალისწინა ექიმების რეკომენდაცია და კლინიკის პირობებში განაგრძობს მონიტორინგის პროცესს.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. ქალბატონი საკმაოდ მხნედ გრძნობს თავს, თუმცა გარკვეული სახის ჩივილები აქვს, რაც, ზოგადად, ახასიათებს ამდენი დღის განმავლობაში შიმშილს. მოგეხსენებათ, პარასკევს ნანახი იქნა სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ექიმთა ჯგუფის მიერ. შემდეგ მოხდა ჩვენთან შეხვედრა და ერთობლივი რეკომენდაციები იქნა გაცემული, რაზეც პაციენტმა თანხმობა განაცხადა. საუბარი იყო იმ სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებაზე და გართულებების პრევენციაზე, რაც ახასიათებს ამდენი დღის შიმშილის ეფექტს. დღეს დილიდან მკურნალ ექიმთან ერთად გავიარეთ ეს ყველაფერი, შესრულდა საკონტროლო კვლევები, ნანახი იქნა სხვადასხვა პარამეტრი და ამ შედეგების შედეგად შევხვდით პაციენტს, ავუხსენით მდგომარეობა, მონიტორინგის აუცილებლობა და იმ მოსალოდნელი გართულებების შესახებ, რაც ამდენი დღის შიმშილობას უკავშირდება. ქალბატონი მზია საკმაოდ გონიერი ადამიანია, აბსოლუტურად ადეკვატურად აღიქვამს ამ ყველაფერს. მან გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია და უგრძელდება მონიტორინგის პროცესი. არ მაქვს უფლება, დაგისახელოთ, კონკრეტულად რა ჩივილები აქვს, ზოგადად, არის ის, რაც ახასიათებს 30 დღის შიმშილობას. კლინიკაში რჩება, უგრძელდება მონიტორინგის პროცესი. ჩივილები უკავშირდება ზოგად სისუსტეს. მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად შეიძლება მოჰყვეს გართულება, ამაზეა საუბარი. შესაძლოა, დღეს უმცირდებოდეს რაღაც პროცესი, ხვალ იყოს გართულება. ამ გართულების შესახებ ინფორმირებულია. მან გაითვალისწინა ყველა რეკომენდაცია, რაც გავუწიეთ და ავუხსენით მოსალოდნელი გართულების შესახებ. აქედან გამომდინარე, ის დათანხმდა, გაგრძელდეს კლინიკის პირობებში მონიტორინგის პროცესი“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.