ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ყოფნისას მატჩებისგან ერთ თავისუფალ დღეს ფრანგმა მეგობარმა წამიყვანა ნიციდან კანში (30 კმ), სადაც მიმდინარეობს რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი Cannes Lions .
კონგრესის შენობასთან ახლოს შემთხვევით შევხვდი საქართველოს მრავალრიცხოვანი დელეგაციის ორ წევრს, გამოველაპარაკე და ვუსურვე წარმატებები. აქვე ვნახე ნიცაში მცხოვრები და მომუშავე ქართველი ახალგაზრდები, რომლებსაც ძალიან გაუხარდათ საქართველოს ატრიბუტიკის დანახვა, ერთ-ერთმა მათგანმა მიცნო და მითხრა, რომ ახსოვს ჩემი თავი სხვადასხვა საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებებიდან. როგორც მოგვიანებით გავიგე - ისინი ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტები არიან.
კანში, როგორც ყოველთვის უამრავი უცხოელი სტუმარი იყო, მათ შორის, ძალიან ბევრი რუსეთიდან და უკრაინიდან. საერთოდ, საფრანგეთის ამ ნაწილში, საზოგადოებრივ ადგილებში თითქმის ყოველი მეათე საუბრობს რუსულად - ესენია ტურისტები რუსეთიდან ან აქ მცხოვრები რუსეთის მკვიდრნი. ბევრი მათგანი მოდიოდა ჩვენთან და გამოხატავდა სიმპატიებს , ზოგი მდუმარედ უყურებდა ჩვენ ატრიბუტიკას და წარწერას „GEORGIA SOKHUMI”, ზოგი კი ქართულად გვესალმებოდა რუსული აქცენტით და გვეკითხებოდა - როდის ითამაშებს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე? ვპასუხობდი: ჩვენი ნაკრები ეცდება მოხვდეს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც რუსეთში ჩატარდება და იქ მცხოვრები ქართველები და არამარტო ქართველები, უქომაგებენ საქართველოს გუნდს.
კანში ერთი დღით ყოფნისას შემთხვევით შევხვდი კანის ფესტივალის სისტემაში მომუშავე ქართველ ქალბატონებს 28 წლის თამარ ჯალაღანიას და 26 წლის თამთა დიხამიძეს. ჩვენი გაცნობა იყო არაორდინალური - კანის რკინიგზის სადგურის ბაქანზე ყოფნისას შევამჩნიე, რომ ორი ერთნაირ კოსტიუმებში გამოწყობილი ქალბატონი 10 მეტრის მოშორებით ყურადღებით მათვალირებდენ. ვიფიქრე, ევროპის ჩემპიონატზე ხომ არ არიან მეთქი, მაგრამ აკრედიტაციის ბარათები სხვანაირი ჩანდა. ამ დროს მომიახლოვდნენ და მკითხეს ქართულად: თქვენ საქართველოს დროშებით და ბურთულებით ხართ, ესე იგი საქართველოდან ხართ?... გაგვიხარდა ძალიან, გავეცანით ერთანეთს, ბევრი საინტერესო გავიგე და ვიფიქრე, რომ უფრო დეტალურად მოგიყვეთ ამ წარმატებულ ქალაბატონებზე.
თამარ ჯალაღანიას დედა დარეჯან ხარებავა წარმოშობით აფხაზეთიდან, გულრიფშის რაიონიდანაა, ბაბუა გრიგოლ ხარებავა ყოფილა თავის დროზე სკოლის დირექტორი. დედა გათხოვდა თბილისში, სადაც დაიბადა და გაიზარდა თამარი, სკოლაც თბილისში დაამთავრა,17 წლის ასაკში გაემგზავრა ნიცაში, დაამთავრა უნივერსიტეტი, არის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი. ერთი წელი მუშაობდა ნიუ-იორკში გაერო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, ბოლო წლები მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს ნიცაში, სადაც ცხოვრობენ თამარის მშობლებიც. თამარი მუშაობს ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში, ამავე დროს ბოლო წლებში ჩართულია კანის ფესტივალის სისტემაში - სამი წელია არის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პროტოკოლის განყოფილების თანამშრომელი. ახლა კი ჩართულია Cannes Lions ფესტივალის მუშაობაში. თამარმა გვითხრა, რომ ქართველებს ნიცაში ძალიან ენატრებათ სამშობლო და დიდი მოკითხვა დაგვაბარა საქართველში და უსურვა გაერთიანება და მშვიდობა.
თამთა დიხამიძე თბილისელია, 15 წლის ასაკამდე სწავლობდა თბილისში, შემდეგ მშობლებთან ერთად ჩამოვიდა საფრანგეთში, ნიცაში დაამთავრა ლიცეუმი, ტურიზმის მარკეტინგის სპეციალური სკოლა. მისი მეუღლე ქართველია, ცხოვრობენ ნიცაში, ჰყავს ორი მცირეწლოვანი ვაჟი. თამთა მიმდინარე წლიდან ჩართული არის კანის ფესტივალის Cannes Lions სისტემის მუშაობაში. თამთამ დიდი სიამაყით აღნიშნა, რომ ნიცაში მოქმედებს ქართული საბავშვო ანსამბლი, რამდენიმე ქართველი ჭაბუკი კი წარმატებული სპორტსმენია. მათზე მოგვიანებით მოგიყვებით.
"ჯი-ეიჩ-ენი”, თენგიზ პაჭკორია, კანი
ფოტო 1-2 თამთა დიხამიძე, თამარ ჯალაღანია და თენგიზ პაჭკორია
ფოტო-3 ნიცაში მომუშავე ქართველი ახალგაზრდები და თ.პ.
ფოტო 4- რეკლამის სართაშორისო ფესტივალზე Cannes Lions საქართველოს დელეგაციის ორი წევრი და თ.პ.