უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად ჩავიდა.ზელენსკიმ ამის შესახებ Telegram-ზე დაწერა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს მოწვევისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისა და მისი პარტნიორების მიზანია ომის „სწრაფად და საიმედოდ“ დასრულება და რომ მშვიდობა გრძელვადიანი უნდა იყოს.
ზელენსკი იხსენებს გასული წლების შეცდომებს, როდესაც უკრაინა „იძულებული გახდა ყირიმი და დონბასის ნაწილი დაეტოვებინა“, ასევე ის, რომ 1994 წლის „უსაფრთხოების გარანტიებმა“ არ იმუშავა.
„ყველას თანაბრად გვსურს ამ ომის სწრაფად და საიმედოდ დასრულება.
და მშვიდობა უნდა იყოს ხანგრძლივი. არა ისე, როგორც წლების წინ იყო, როდესაც უკრაინა იძულებული გახდა დაეტოვებინა ყირიმი და ჩვენი აღმოსავლეთის ნაწილი - დონბასის ნაწილი და პუტინმა ეს უბრალოდ ახალი შეტევისთვის პლაცდარმად გამოიყენა. ან როდესაც უკრაინას 1994 წელს მიეცა თითქოს „უსაფრთხოების გარანტიები“, მაგრამ ეს არ გამოვიდა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მაშინ ყირიმის დათმობის საჭიროება არ იყო, ისევე როგორც 2022 წლის შემდეგ უკრაინელებმა არ დათმეს კიევი, ოდესა და ხარკივი. „რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, რომელიც თავად დაიწყო“.