ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
როგორც ჟურნალისტებს აბაშიძემ განუცხადა, რეფორმის თვალსაზრისით, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია.
„ცვლილებებში რომ ჩაიხედოთ, ნახავთ, საქართველოს როგორ ჩეხავენ და გარკვეულ რაიონებს როგორ აერთებენ. ეს სრულიად აბსურდული და გაუგებარი სისტემაა, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს. მმართველი გუნდი პროექტის თავის თავზე მორგებას ცდილობს. ძალიან მეეჭვება, რომ კოალიციამ 50 პროცენტიანი ბარიერი გადალახოს. ამ ბარიერის გადალახვის შანსი შესაძლოა ოპოზიციასაც არ ჰქონდეს და ოლქების 99 პროცენტში მეორე ტურები გარდაუვალი იქნება, რაც ვითარებას გაართულებს“, - განაცხადა აბაშიძემ.
პარლამენტში „საარჩევნო კოდექსის“ ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.