აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთსა და უკრაინაში, კიტ კელოგი, მაღალი დონის მოლაპარაკებებიდან მოხსნეს, მას შემდეგ, რაც კრემლმა განაცხადა, რომ არ სურდა მისი მონაწილეობა. ამის შესახებ NBC News ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
რუსი ოფიციალური პირის თქმით, რომელიც NBC News-ს ესაუბრა, ვლადიმირ პუტინი კელოგს „უკრაინასთან ზედმეტად დახლოებულ პირად“ მიიჩნევს.
”არ არის ჩვენი ტიპის ადამიანი, არ არის ის კალიბრი, რომელსაც ჩვენ ვეძებთ”, - თქვა წყარომ.
ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, დაუდასტურა NBC News-ს, რომ რუსეთს არ სურდა კელოგის ჩართვა მოლაპარაკებებში.
როგორც NBC News აღნიშნავს, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის როლი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შემდგომ მოლაპარაკებებში ჯერ კიდევ გაურკვეველია.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯეიმს ჰიუიტმა NBC News-ს განუცხადა რომ კელოგი რჩება „გუნდის ღირებული ნაწილი, განსაკუთრებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან მოლაპარაკებების თვალსაზრისით“.
ამასთან, როგორც ცნობილია, კელოგი არ იმყოფებოდა საუდის არაბეთში შეხვედრებზე თებერვალსა და მარტში, როდესაც აშშის წარმომადზგენლები შეხვდნენ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მოლაპარაკებები მის კომპეტენციაში შედის.