აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები ევროსაბჭოს მიწვევით სტრასბურგში იმყოფებიან.
როგორც ჯი-ეიჩ-ენს უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა განუცხადა, ვიზიტი ევროსტრუქტურების მუშაობის და მათი გამოცდილების გაზიარებას ემსახურება.
"სტრასბურგში მთავარი თემა მსოფლიო დემოკრატიული ფორუმია, რომელიც მეორედ ტარდება. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი. თვითმართველობის განვითარება, ადამიანის უფლებები, თანამედროვე ტექნოლოგიების როლი დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაში. შევეცდებით ეს გამოცდილება ყოველდღიურ მუშაობაში ავსახოთ", - განაცხადა სულხან ღლონტმა.
მისვე თქმით, ევროპელი პარტნორები დაინტერესდნენ ქართული მხარის ცალკეული ინიციატივებით, რომლის რეალიზება საქართველოსთვის დემოკრატისაა და რეგიონალური განვითარების გაზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
„ცალკეულმა ინიცატივებმა ევროპელი პარტნიორების დიდი დაინტერესება გამოიწვია. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ადგილზე გავმართავ კონსულტაციებს და მხარდაჭერის შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ, არა მხოლოდ ევროპიდან წამოვიღოთ გარკვეული ინიციატივები, არამედ თავად გავხდეთ მათთვის მაგალითი და განზოგადების მოდელი", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" ღლონტმა.
ღლონტმა ასევ აღნიშნა, რომ ევროსაბჭოში გამართული შეხვედრებისას გამოითქვა უდიდესი კმაყოფილება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების გამო.
საქართველოს დელეგაცია სტრასბურგიდან სამშობლოში ხვალ დაბრუნდება.