რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ, ცოტა ხნის წინ, ხმაური იყო.
პატიმრის მხარდამჭერები პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. ადგილზე ვითარება რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო დაძაბული. ხალხი კითხვებზე პასუხებს ითხოვს, რა მოხდა მეექვე დაწესებულებაში და ამ დრომდე რატომ არ უშვებენ სამსახურიდან უმძიმეს დანაშაულში მხილებულ ბადრაგებს.
გიორგი დავითაძის მხარდასაჭერად რუსთავის ციხესთან მივიდნენ უფლებადამცველები და პროევროპულ აქციაზე დაკავებული პატიმრების მშობლებიც.
პატიმრის ოჯახის წევრები და ადგილზე შეკრებილები ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომას და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.
"დაუყოვნებლივ გადაყენებული იქნას ამ მომპალი ციხის ხელმძღვანელი პირი შოთა ტრაპაიძე, ყველა დამნაშავე პირი, ვინც ჩემი შვილი აწამა და ამ წამებაში მიიღო მონაწილეობა. ასევე მივმართავ საერთაშორისო, ადამიანი უფლებების დამცველ ყველა ორგანიზაციას, მივმარტავ ყველა საელჩოს, რომ აი ეს ფაქტები მთელ მსოფლიოს აცნობონ", - ამბობს პატიმრის მამა, ავთანდილ დავითაძე.