Flydubai-ის რეისის ბორტზე მომხდარი ინციდენტი ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო. ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალურმა პროკურორმა, ჰამად საიფ ალ-შამსიმ განაცხადა. იუწყება Reuters
Reuters-ის ცნობით, ომანის მოქალაქე მეორე პილოტის ვინაობა ჰამამ ალ-ჰამამადია.
„flydubai-ის FZ1073 რეისთან დაკავშირებული ინციდენტის გამოძიებამ დაადგინა, რომ მეორე პილოტმა ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა“, -განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
მისი განცხადებით, მეორე პილოტი კაბინაში მყოფ პილოტს საგანგებო შემთხვევებისთვის განკუთვნილი ნაჯახით დაესხა თავს და თვითმფრინავზე კონტროლის დამყარება სცადა.
პროკურორმა აღნიშნა, რომ მოტივისა და სხვა გარემოებების დასადგენად გამოძიება გრძელდება.
ავიაკომპანია Flydubai-ის თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ისრაელში მიფრინავდა ინციდენტი ოთხშაბათს მოხდა. თვითმფრინავის მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა პილოტი გაანეიტრალეს, რომელიც კაბინაში კაპიტანს დაესხა თავს. ისრაელელი ოფიციალური პირების ცნობით, პილოტმა თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ჯერ ძალიან ნაადრევია იმის თქმა, თუ ვინ იდგა რეისზე მომხდარი ინციდენტის უკან.