საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი სამხედრო დაპირისპირების საკითხზე რუსეთის ფედერაციის პრემიერ დიმიტრი მმედვედევის შეფასებები და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ადრინდელი განცხადებები ქვეყნის ინტერესების საზიანოა.
როგორც ბარამიძემ "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "მმართველმა ძალამ ქვეყნის ინტერესები შუღლს და პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებას არ უნდა გადააყოლოს".
"საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს მთავრობას ვეტყვი, რომ კარგად გააცნობიერონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ როგორც - ქვეყნის მთავრობას გააჩნიათ. გააცნობიერონ, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში, რომელიც - არა საქართველოს ინიციატივით მიმდინარეობს, არამედ მიმდინარეობს რუსეთის ინიციატივით და ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება. გრძელდება საოკუპციო ხაზის გადმოწევით პროვოკაციები, ჩენი მოქალაქეების გატაცებები თუ სხვა ამგვარი მეთოდები. ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ გავა წლები და არავის გაახსენდება კონკრეტულად ვინ იყო საქართველოს მთავრობაში. თუ ასეთი პოლიტიკა გაგრძელდება, საქართველო წაგებული დარჩება,"- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
შგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ტელეკომპანია "Russia Today"-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში საუბრის ძირითადი დრო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს და ქვეყნებს შორის 2008 წელს მომხდარ სამხედრო დაპირისპირებას დაუთმო.
ამასთან, მედვედევმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს "სამხედრო დამნაშავე" უწოდა.