წვრილმანებში დათმობები რუსეთს არ აინტერესებს, ჯერ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში" ცვლილებაც კი ვერ შეუტანიათ. განცხადება ამის შესახებ რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის კავკასიური კვლევების სექტორის ახლო საზღვარგარეთის ქვეყნების პრობლემების ცენტრის ხელმძღვანელმა იანა ამელინამ რუსულ მედიასთან საუბარში გააკეთა.
"ქართული პოლიტიკა აგრძელებს ბაზირებას იგივე პრინციპებზე და საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები - ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება - ასევე იგივე რჩება. ეს ახალ გუნდს არაერთხელ განუცხადებია. ჯერ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში" ცვლილებაც კი ვერ შეუტანიათ - მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალობაა, იმიტომ, რომ რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და თუ საქართველო მათ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევს ეს საქართველოს პრობლემაა.
წვრილმანებში დათმობები რუსეთს არ აინტერესებს. საქართველო აგრძელებს თავისი პრეტენზიების წამოყენებას ე.წ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და იმაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდნენ. საუბარიც კი ზედმეტია იმაზე, რომ ეს მოხდეს. ეს შესაძლებელია მხოლოდ ძალოვანი გზით ანუ ამ სახელმწიფოების მოსახლეობის გაწყვეტის გზით. ამას რუსეთი არასოდეს არ დაუშვებს და არც საქართველო არის ამაზე წამსვლელი ახლა", _ აცხადებს ამელინა და აღნიშნავს, რომ ქართული საქონლისათვის რუსული ბაზრის გახსნა ეს ერთადერთი ცვლილებაა და იგი მხოლოდ საქართველოსთვისაა მომგებიანი.
"ქართული ღვინო რუსული ბაზრიდან წავიდა. ის კარგი იყო, მაგრამ არა იმდენად, რომ შეეცვალა საქართველოს ბოდიში 2008 წლის აგვისტოს გამო, თუმცა ასეთი ბოდიში არც გაჟღერებულა", _ აცხადებს ამელინა.