არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მიიჩნევს, რომ ოკუპირებული და დანარჩენი ტერიტორიებიდან საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებით ერთიანი სამართლებრივი რეჟიმი უნდა არსებობდეს.
აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტში „ოკუპირებული ტერიტორიების" შესახებ კანონში ცვლილებების საკითხს ეხმაურება, განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ როგორც ცნობილია, უმცირესობა მხარს არ უჭერს ცვლილებების მიღებას: დავით ბაქრაძემ საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა, რომ არ მიიღონ გადაწყვეტილება, "რომლითაც სახელმწიფო საზღვარს სხვადასხვა ფასი და რეჟიმი ექნება".
" ჩვენ, კანონპროექტის ინიცირებისთანავე გამოვეხმაურეთ ცვლილებების პროექტს და მივესალმეთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან საზღვრის გადმოკვეთის რეგულაციის ლიბერალიზაციას. თუმცა, ჩვენი აზრითაც, ქვეყნის ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებული და დანარჩენი ტერიტორიებიდან საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებით ერთიანი სამართლებრივი რეჟიმი არსებობდეს", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე იმედია გამოთქვმული იმის შესახებ, რომ "მთავრობა გაითვალისწინებს არსებულ შენიშვნას და მოახდენს საზღვრის გადმოკვეთისათვის დაწესებული სანქციების ჰარმონიზაციას".
შეგახსნებთ, რომ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა პარლამენტში დღეს გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები