ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა მხარს უჭერს ისეთი კანონის მიღებას, რომელიც ჟურნალისტების ინფორმაციის წყაროებს ხელისუფლების ყურადღებისგან დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თეთრი სახლის პრეს-მდივნის ჯეი კარნის განცხადებით, მას შემდეგ რაც ნობილი გახდა, რომ ძიების ფარგლებში სააგენტო „ასოშიეთიდ პრესის" ჟურნალისტების სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებების დარღვევით იქნა მოპოვებული, ბარაკ ობამამ თხოვნით მიმართა კონგრესს, მხარი დაუჭირონ კანონის მიღებას.
„პრეზიდენტი უკვე დიდი ხანია მხარს უჭერს აღნიშნული კანონის მიღებას. 2009 წელს კანონმპროექტმა საკომიტეტო მოსმენაც გაიარა და მრავალი ჟურნალისტური ორგანიზაციის მხარდაჭერაც მოიპოვა", - აღნიშნა ჯეი კარნიმ. მისი თქმით, ობამა დემოკრატ სენატორ ჩარლზ შუმერთან ერთად განაგრძობს მუშაობას კონგრესში კანონპროექტის ხელახალი გატანის მიზნით. ამასთან, ბარაკ ობამა სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს იმ საფრთხის გამო, რომელიც ამერიკელ ხალხს ინფორმაციის გაჟონვის გამო შეიძლება დაემუქროს.
შეგახსენებთ, რომ სააგენტო Associated Press-მა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება თავისი ჟურნალისტების ტელეფონების მოსმენაში დაადანაშაულა. განცხადებაში, რომელიც სააგენტოს საიტზე განთავსდა, ნათქვამი იყო, რომ საქმე ეხება სააგენტოს საქმიანობაში „მასშტაბურ და უპრეცედენტო ჩარევას".
სააგენტოს განცხადებით, 2012 წლის აპრილ-მაისში, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, ყველა შემომავალ ზარს უსმენდნენ და იწერდნენ. საბოლოო ჯამში, ისმინებოდა ოცი სატელეფონო ხაზი, რომლითაც სააგენტო და ჟურნალისტები სარგებლობდნენ.
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მათ მიერ სააგენტო „ასოშიეითიდ პრესის" ჟურნალისტების სატელეფონო ზარების შესახებ მონაცემების ამოღება გამოწვეული იყო ინფორმაციის გაჟონვით, რაც საფრთხის ქვეშ აყენებდა ამერიკელების სიცოცხლეს.