„გერმანული „კომერც ბანკი" მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ ინიციატივებს" - განცხადება ამის შესახებ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
გერმანიაში სიდიდით მეორე ბანკის წარმომადგენლობითი დელეგაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა მიიღო. შეხვედრას ასევე ესწრებოდა გერმანული ბანკის ორი პარტნიორი კომპანია, რომლებიც სოფლის მეურნეობის სექტორში მოღვაწეობენ. „კომერც ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მარტინ ბლესინგმა შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა და განაცხადა, რომ ბანკი დაინტერესებულია საქართველოში აგრო-მრეწველობის კუთხით სხვადასხვა პროექტებში ინვესტიციების განხორციელებით.
,,კომერც ბანკი" ხელს უწყობს და მომავალში კიდევ უფრო ინტენსიურად შეუწყობს ხელს საქართველოს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას. ჩვენს ბანკს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ვაჭრობის დაფინანსების საკითხში და ვაპირებთ, რომ საქართველოში ამ კუთხით გავაქტიურდეთ. მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას. ვაპირებთ მომავალში განვახორციელოთ სხვადასხვა პროექტები სოფლის მეურნეობაში და დავეხმაროთ თქვენს ეკონომიკას და საბანკო სექტორს" - განაცხადა მარტინ ბლესინგმა.