19 ოქტომბერს რომის პაპმა ლეო XIV-მ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა. საუბარი პაპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, რამდენიმე დღეში შედგა. ინფორმაციას წმინდა საყდრის პრესსამსახური ავრცელებს.
მხარეებმა ხერსონის ოლქში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში არსებული ვითარება განიხილეს. საუბრისას პაპმა გაიხსენა ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თხოვნა, რომლითაც მან მანამდე პუტინს მიმართა.
მისმა უწმინდესობამ იმედი გამოთქვა, რომ ორივე მხარის თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდება საკვებისა და სამედიცინო დახმარების მიწოდება, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობითი და უსაფრთხო ევაკუაცია. დასასრულს, წმინდა მამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა წმინდა საყდრის ერთგულება დიალოგისა და მშვიდობის ხელშეწყობის მიმართ“, - ნათქვამია წმინდა საყდრის განცხადებაში.
თავის მხრივ, ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პაპს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მხრიდან ესკალაციის, ასევე უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე რუსეთის მუდმივი თავდასხმების შესახებ.
„ვესაუბრე რომის პაპ ლეო XIV-ს და მის უწმინდესობას ოპერაციის შემდეგ სრულად და სწრაფად გამოჯანმრთელება ვუსურვე. მადლიერები ვართ, რომ ამ პირადად მისთვის რთულ პერიოდშიც კი მისი უწმინდესობა უკრაინას არ ივიწყებს და ჩვენი ხალხისთვის ლოცულობს.
დეტალურად მოვუყევი რუსეთის მხრიდან ესკალაციისა და უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე რუსეთის მუდმივი თავდასხმების შესახებ. ვისაუბრეთ დროებით ოკუპირებულ ოლეშკიში არსებულ ჰუმანიტარულ კატასტროფაზეც. ვმუშაობთ იქ მყოფი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად და შესაბამის გადაწყვეტილებებს ვამზადებთ. მისმა უწმინდესობამ ამ საკითხზე რუსულ მხარესთან გამართული კონტაქტების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა.
რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ უსაფრთხოების ყველა იმ გამოწვევასა და საფრთხეზეც, რომელთა წინაშეც ახლა ვდგავართ. მათ შორის - პარტნიორების მხრიდან რუსეთის ბალისტიკური თავდასხმების შესახებ წინასწარი გაფრთხილებების პერიოდულ არარსებობაზე. ბოლო პერიოდში ასეთი შემთხვევა უკვე სამჯერ მოხდა.
მადლობას ვუხდი მის უწმინდესობას მხარდაჭერისა და ღირსეული მშვიდობის მისაღწევად გაწეული ყველა ძალისხმევისთვისთვის", - წერს ზელენსკი.