უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, იარაღის მიწოდების შეფერხება და დაზვერვის მონაცემების გაზიარების შეზღუდვა, „მეგობრებს შორის ძნელად ასახსნელია“.
„საბოლოოდ ეს ყველაფერი საბოლოოდ უკავშირდება პუტინის უარს, დაასრულოს ეს ომი, და ამერიკული მხარის ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელთა ახსნაც მეგობრებს შორის რთულია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ამ დრომდე არ მიუღია სრული განმარტება Starshield-ის სისტემის გამოყენებაზე დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით. ეს სისტემა საჭიროა დრონებით დარტყმის განსახორციელებლად და რუსეთის თავდასხმებისგან, განსაკუთრებით კი რეაქტიული ძრავით აღჭურვილი მაღალსიჩქარიანი დრონებისგან, თავდასაცავად.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გასული კვირის განმავლობაში სამჯერ უკრაინამ პარტნიორებისგან თავდასხმის შესახებ წინასწარი გაფრთხილება ვერ მიიღო, რომელსაც, ჩვეულებრივ, პარტნიორები აწვდიან.
„ასევე ვიცით, რომ, სამწუხაროდ, პენტაგონი აჭიანურებს იმ რაკეტების მიწოდებას, რომელთა საფასურიც ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა უკვე გადაიხადეს PURL-ის პროგრამის ფარგლებში“, - განაცხადა მან.
ზელენსკის თქმით, მისთვის ცნობილი ინფორმაციით, რაკეტების ერთ-ერთი პარტიის მიწოდება აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის ხელმოწერას ელოდება.
„ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ მიღებულია გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის მიზანიც ჩვენი მხარდაჭერის შენელებაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა მზად არის, 30 დღით შეწყვიტოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, როგორც ამას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ითხოვს, იმ პირობით, თუ ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის განკუთვნილ ჩამჭრელ რაკეტებს მიაწვდის.
ზელენსკიმ ასევე გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს დღეებში უკრაინის დელეგაცია ნორვეგიაში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდება.