აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეთს, უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი დიდი რაოდენობით ჩამჭრელი რაკეტების მიწოდება ამ დრომდე არ დაუმტკიცებია. ამის შესახებ გამოცემა Kyiv Independent უკრაინელ ოფიციალურ პირებსა და სამხედროებზე დაყრდნობით წერს.
ერთ-ერთი მაღალჩინოსანი უკრაინელი ოფიციალური პირის განცხადებით, უკრაინისთვის განკუთვნილი რაკეტების მიწოდების შესახებ კონტრაქტები ჰეგსეტის მაგიდაზე დევს, თუმცა მას ისინი ჯერ არ დაუმტკიცებია. მისივე თქმით, ამ რაკეტების საფასური უკრაინის მოკავშირეებმა უკვე გადაიხადეს.
უკრაინელი ოფიციალური პირების შეფასებით, რაკეტების მიწოდების შესაძლო შეფერხება პოლიტიკური ზეწოლის კიდევ ერთი მაგალითია, რომელმაც შესაძლოა მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.
მათი თქმით, უკრაინა Patriot-ის სისტემებს რუსეთის ბალისტიკური რაკეტებისგან მოსახლეობის დასაცავად იყენებს. ამიტომ მიწოდების შეფერხებამ შესაძლოა უკრაინის ქალაქებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა გაართულოს.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის მოკავშირეების მიერ დაფინანსებული საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდება ნატოს პროგრამის PURL-ის ფარგლებში გრძელდება. აშშ-ის მთავრობის ერთმა წარმომადგენელმა უკრაინული მხარის ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ისინი სიმართლეს არ შეესაბამება.
ერთ-ერთუ მაღალჩინოსნის განცხადებით,.უკრაინა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტებს რამდენიმე არხით იღებს.
რაკეტების მიღების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია ნატო-ს პროგრამა PURL უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების სია [PURL] , რომლის ფარგლებშიც უკრაინის მოკავშირეები აშშ-ისგან იარაღის შესყიდვას აფინანსებენ.
ამასთან, უკრაინა რაკეტების მისაღებად უშუალოდ იმ ქვეყნებსაც მიმართავს, რომლებსაც შესაძლოა საჭირო მარაგები ჰქონდეთ. უკრაინის საელჩოები ამ ქვეყნების მთავრობებს უკავშირდებიან და არკვევენ, რა რაოდენობის რაკეტებია მათ ხელთ.
ნატო-ს ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, PURL-ის პროგრამის ფარგლებში მიწოდებები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდებაც, გრძელდება.
ალიანსის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა აღიარა, რომ ზოგიერთი მიწოდება შესაძლოა შეფერხდეს, თუმცა აღნიშნა, რომ ამის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიტიკური გარემოებები არ არის.
თუმცა, უკრაინელი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ მიწოდების შეფერხება პოლიტიკური გადაწყვეტილებით არის განპირობებული და არა ჩვეულებრივი ლოჯისტიკური პრობლემით.