აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის, ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან სამმხრივ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
„თუ პუტინსა და სის ჩინეთში სამმხრივი შეხვედრის გამართვა სურთ, მე ვისურვებდი, რომ ეს შეხვედრა შედგეს. სი ძინპინი უკრაინასთან მიმართებით საკმაოდ სამართლიანად იქცეოდა. ის ამ საკითხებში დიდად არ ჩარეულა. იგივე ეხება რუსეთსაც. მათ არც კი გაუკეთებიათ იმის მცირე ნაწილიც კი, რისი გაკეთებაც შეეძლოთ. მათ იციან, რომ ამას ვაფასებ“, - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი პუტინთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და არ აპირებს, პროცესი შუა გზაზე შეწყვიტოს.
ტრამპის თქმით, რუსეთი უკრაინასთან მიმართებით ადეკვატურად იქცეოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინი ირანის საქმეებში არ ერევა.
„ეს კარგია, რადგან ირანს ძალიან ძლიერ დარტყმებს ვაყენებთ. როგორც ვხედავთ, რუსეთს ირანში არაფერი გაუკეთებია და ეს, ჩემი აზრით, ძალიან დადებითი ფაქტია“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა კვლავ დაადანაშაულა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმაში, რომ თითქოს ომის დასრულება არ სურს.
„ზელენსკი ვითარების მოგვარებას დიდად არ უწყობს ხელს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას არ სურს, ეს ყველაფერი დასრულდეს. მე კი მინდა, რომ ადამიანები აღარ იღუპებოდნენ. დროა, უკრაინის სახელით მოლაპარაკებები სხვამ აწარმოოს. შესაძლოა, უკრაინისთვის დროა, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ზელენსკის ნაცვლად სხვა ადამიანი წარადგინოს“, - განაცხადა ტრამპმა.
მანამდე კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინის, ტრამპისა და სი ძინპინის შესაძლო შეხვედრის საკითხი განიხილეს, თუმცა კონკრეტული შეთანხმება ან დღის წესრიგი ჯერ არ არსებობს. Reuters-ის ცნობით, შეხვედრა შესაძლოა ნოემბერში, ჩინეთში დაგეგმილი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში გაიმართოს