მილანში საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ 271 დემონსტრანტი დააკავა. დემონსტრაციები, რომლებიც საჯარო სერვისების არასათანადო ხარისხისა და ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ იმართებოდა, შეტაკებებში, მაღაზიების ძარცვასა და ქონების დაზიანებაში გადაიზარდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, არეულობა კვირას, 18 ოქტომბერს, აქციების მეორე დღეს მოხდა. რამდენიმე ასეული ნიღბიანი დემონსტრანტი ქალაქის ცენტრში ნაგვის ურნებს ცეცხლს უკიდებდა და მაღაზიებს ძარცვავდა. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
პოლიციის განცხადებით, დაკავებულთაგან 32 ადამიანი დააპატიმრეს, მათ შორის 23 არასრულწლოვანი და 13 უცხო ქვეყნის მოქალაქე. გარდა ამისა, კიდევ 28 ადამიანის საქმე სასამართლო ორგანოებს გადაეცა.
მილანში მომხდარ არეულობას წინ უძღოდა მსგავსი შეტაკებები ჩრდილოეთ იტალიის სხვა ქალაქებში - ბოლონიაში, ბრეშიაში, ბერგამოსა და ტურინში. პოლიციის მონაცემებით, შაბათს, 17 ოქტომბერს, ამ ქალაქებში მომხდარი შეტაკებების დროს 28 დემონსტრანტი დააკავეს.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ძალადობა დაგმო და ორშაბათს მთავრობისა და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. Reuters-ის ცნობით, მთავრობა უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას განიხილავს, მათ შორის არასრულწლოვანთა პრევენციული დაკავების ვადის გახანგრძლივებასა და ახალგაზრდულ დაჯგუფებებთან ბრძოლის გაძლიერებას.